კანონი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ შეიძლება 2016 წლიდან ამოქმედდეს

© facebook.com/Margvelashviliპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კანონპროექტი ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” მიმართულია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ, ცხოვრების დონის ამაღლებისკენ, დასაქმების ხელშეწყობისა და ეკონომიკურ–სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ახალი კანონპროექტი ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. კანონის პროექტი ოთხშაბათს, 15 ივლისს ბოლო მოსმენით კენჭისყრაზეა გატანილი. ამის შესახებ დეპუტატმა ფრაქცია ”ქართული ოცნებიდან”  ზაქარია ქუცნაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამშაბათს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. სამუშაო თათბირზე, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მთის განვითარების პროცესი მომავალი წლის პირველ იანვარს სრულად დაიწყოს. 

”ახალი წლიდან ძალაში შევა ყველა საგადასახადო შეღავათი, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში წარმოების განვითარებას და ადამიანების დასაქმებას. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის ყველა პედაგოგი, ყველა კატეგორიის პენსიონერი, ყველა ექიმი და ექთანი, ყველა მოქალაქე, ვინც იღებს 6000 ლარამდე (დაახლოებით 2,6 ათასი აშშ დოლარი) წლიურ შემოსავალს, მიიღებს კანონით განსაზღვრულ დანამატს“, — განაცხადა ქუცნაშვილმა. 

კანონპროექტის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში ყოველი ოჯახის ახალდაბადებული პირველი და მეორე ბავშვი მიიღებს 100-ლარიან (დაახლოებით 44,2 აშშ დოლარი) დახმარებას 1 წლის განმავლობაში, ხოლო მესამე და შემდგომი ბავშვი მიიღებს 200-ლარიან (დაახლოებით 88,4 აშშ დოლარი) დახმარებას 2 წლის განმავლობაში. პენსიონერები მიიღებენ 20 %–იან დანამატს.

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მთიანი რეგიონების მოსახლეობას ძალიან უჭირს და ამ ფონზე ადგილი აქვს მძლავრ შიდა მიგრაციას. „მოსახლეობა მასობრივად მოდის თბილისში. იქმნება დემოგრაფიული ანექსიის საფრთხე ანუ თუ არ ვსახლდებით ჩვენ, ჩასახლდებიან სხვები“, — აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ახალი კანონპროექტი ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”  მიმართულია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ, ცხოვრების დონის ამაღლებისკენ, დასაქმების ხელშეწყობის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. კერძოდ, გათვალისწინებულია საგადასახადო, სოციალური შეღავათები, მთის ეროვნული საბჭოს, ასევე მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდის შექმნა.

 


ყველა ახალი ამბავი
0