თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სპეციალისტების გადამზადება დაიწყო, რომელიც პირველ ეტაპზე მაღალი რისკის საწარმოებში სავალდებულო წესით ამოქმედდება, იუწყება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მონიტორინგი 2016 წლის იანვრიდან, კანონში ”სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” შესწორებების ამოქმედების შემდეგ სავალდებულო გახდება. ინსპექტირება გაფრთხილებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარდება. მანამდე კი, შემოწმება იმ საწარმოებს შეეხება, რომლებიც შესაბამისი თხოვნით თავად მიმართავენ.
”ეს ცვლილებები იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციაზეა მიმართული. პირველ ეტაპზე დაგეგმილია მაღალი რისკის საწარმოების იდენტიფიკაცია. პირველი სავალდებულო ინსპექტირება სწორედ იქ ჩატარდება”, — განაცხადა ოთხშაბათს, 15 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების ახალი დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, გათვალისწინებულია დარღვევებზე რეაგირების მექანიზმები.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შრომის პირობების მონიტორინგი გათვალისწინებულია როგორც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, ისე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.