თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ევროკავშირმა დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 6 მილიონ ევროს ოდენობის ტრანშის გადარიცხვა, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იტყობინება.
„ეს თანხა წარმოადგენს პირველ გადარიცხვას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 45 მილიონ ევროიანი "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის" პროგრამის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტის ფარგლებში“-აღნიშნულია შეტყობინებაში.
პროგრამის საერთო ბიუჯეტი 45 მილიონი ევროა.
„სიტუაციის შეფასების შემდეგ ევროკავშირმა დაასკვნა, რომ ამ პირველი ფიქსირებული ტრანშის გადახდის წინაპირობები დაკმაყოფილდა და რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს DCFTA-ს და მცირე და საშუალო ბიზნესის რეფორმების განხორციელებას“, — იტყობინება ევროკავშირი.
ინფორმაციის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შემდგომი ტრანშების გადმორიცხვა დამოკიდებული იქნება სავაჭრო პოლიტიკის რეფორმების გატარებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განცითარების სტრატეგიასთან დაკავშირებული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე, და ასევე მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის უწყვეტ დამაკმაყოფილებელ მაჩვენებლებზე.
სამწლიანი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას DCFTA-ს განხორციელებაში. ევროკავშირის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებებია: ვაჭრობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიული საფუძვლების შემდგომი განმტკიცება; ვაჭრობისა და კერძო სექტორის მარეგულირებელი და ხელშემწყობი ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება; ეკონომიკური აქტორებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და ამავდროულად მათი DCFTA-ს შესაბამის ახალ მარეგულირებელ გარემოზე მორგება; დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესით დაკავებული ქალების და ახალგაზრდა მეწარმეების ეკონომიკური ინტეგრაცია.