თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ნატომ უნდა განაგრძოს საქართველოსთან დაახლოება და ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის დემონსტრირება, თუმცა ის შორეულია, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უშიშროების ახალი საფრთხეების საკითხებში ჯეიმი შიმ (Jamie Shea), ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
„ამ საკითხისადმი სერიოზული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. მაშინაც კი, როცა არ არის საუბარი ნატოსა და ევროკავშირში დაუყოვნებელ წევრობაზე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა პროცესი წინ წავიდეს და პერსპექტივები, თუნდაც შორეული, რეალური გახდეს“, განაცხადა შიმ ევროპარლამენტში მასმედიის ინფორმაციის კომენტირებისას იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები იმედგაცრუებულნი არიან ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივებით.
მან გაიხსენა, რომ ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ეხმარება და თბილისის მახლობლად სასწავლო ცენტრს აფუძნებს, ასევე ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ატარებს სწავლებებს შავ ზღვასა და ხმელეთზე.
„ჩვენ ნათლად ვანახებთ, რომ ვმუშაობთ იმისთვის, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები შეესაბამებოდნენ ნატოს სტანდარტებს. არსებითი იქნება საქართველოს მიმართ ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. განსაკუთრებით ჩერნოგორიის ფონზე, რომლის ალიანსში გაწევრიანება აქტიურად განიხილება“ — განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.