თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა ქართველ კოლეგასთან, დავით დონდუასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო–სამხრეთ ოსეთის საზღვრის საკითხები თბილისსა და ცხინვალს შორის უნდა განიხილებოდეს, ხოლო საქართველოს პრეტენზიები, რომ თითქოს რუსებმა სასაზღვრო ხაზი გადმოსწიეს, უსაფუძვლოა, ვინაიდან მსგავსი არაფერი მომხდარა.
რამდენიმე დღის წინ თბილისმა რუსი მესაზღვრეები ნავთობსადენ ბაქო–სუფსის მიმდებარედ საქართველოს საზღვრის გადმოწევაში დაადანაშაულეს. როგორც ცხადდებოდა, 10 ივლისს „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“ გაჩნდა "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები.
13 ივლისს დიპლომატებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას დონდუამ პრეტენზიები გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით, რაზეც კარასინმა უპასუხა, რომ „ეს პრეტენზიები არასწორი მისამართით ისმის“.
„ნებისმიერი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია საზღვრის ხაზთან, სამხრეთ ოსეთის მხარესთან უნდა განიხილოთ, რომელიც, სხვათა შორის, არაერთგზის აცხადებდა, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე დიალოგისთვის მზად იყო“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კარასინმა საქართველოს რეაქცია მომხდარზე გამოგონილად შეაფასა. რუსმა დიპლომატმა განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი საკუთარ ტერიტორიაზე, ზუსტად იმ ადგილას აღმართა, სადაც ის მიმდინარე წლის 8 აპრილამდე იდგა, სანამ ტელეარხ „იმედის“ ტელეშოუს მიმდინარეობისას არ მოხსნეს.
კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ინციდენტზე ცხინვალის წარმომადგენლებმა რეაგირებისა და მათი აღკვეთის მექანიზმის ფარგლებში 29 აპრილს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს და 1 ივლისს ჟენევის დისკუსიებზეც.
„თბილისში შესანიშნავად იციან, რომ არავითარი საზღვრის გადაწევა არ ხდება და არც მომხდარა. დროა, ქართული მხარე გაერკვეს: აპირებს თუ არა რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღებაში პოზიტიურ ლოგიკას გაჰყვეს თუ კვლავაც მიმართავს პროვოკაციულ ზღაპრებს, რომლებიც ყოველ ჯერზე უკან სწევს ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესს“, — ასკვნის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.