თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian-მა ზაფხულის არდადაგებზე წასაკითხ წიგნთა სიაში (Best holiday reads 2015), ქართული ლიტერატურის კლასიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ შეიყვანა.
"მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ მეოცე საუკუნის ქართული კლასიკური ლიტერატურის ირონიულ-გროტესკული შედევრია, რომელიც ბოლო-ბოლო ხელმისაწვდომი გახდა ინგლისურ ენაზე დონალდ რეიფილდის ბრწყინვალე თარგმანით. ეს არის არც თუ უბრალო, ამაღელვებელი ისტორია თაღლითსა და უკომპრომისო ბოროტმოქმედზე, რომელიც წინ აღუდგა სტალინის დემონურ რუსეთს“ — აღნიშნულია The Guardian —ის ელექტრონულ გვერდზე.
რომანის მოქმედება მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სანკტ-პეტერბურგში, პარიზსა და სტოკჰოლმში ვითარდება. რომანი ინგლისურ ენაზე 2014 წელს ითარგმნა. თარგმანი საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მწერალმა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოღვაწემ მიხეილ ჯავახიშვილმა რომანი „კვაჭი კვაჭანტირაძე“ 1924 წელს დაწერა.