თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს-სა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები მხილებულნი არიან წინა ხელისუფლების დროს მოქალაქეთათვის ქონების უკანონო ჩამორთმევაში. ხუთ დაზარალებულს ქონების დაბრუნებას პირდებიან.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ორშაბათს, 13 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე, კერძოდ შსს, პროკურატურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი 6 ავტომანქანა და ერთი უძრავი ქონება.
კერძოდ, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით სიდამონიძე, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამდებობის პირები, რომელთა ვინაობა არ სახელდება, რათა ამით ხელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების მიმართ დაწყებულ გამოძიებებს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ყოფილი თანამდებობის პირები აიძულებდნენ ამა თუ იმ დანაშაულისათვის დაკავებულთა ოჯახის წევრებს გადაეფორმებინათ მათი ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.
პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ გიორგი რეხვიაშვილის ოჯახის წევრებმა 28 000 აშშ დოლარად შეიძინეს “მერსედეს-ბენც ML 350” ავტომობილი, ხოლო 30 000 აშშ დოლარად “ჰიუნდაი სონატა”.
ბრალდებულ შმაგი რატიანის და პარსამ ზალიანიანის ოჯახის წევრებმა კი „ფოლკსვაგენის“ცენტრში შეიძინეს 61200 ლარად და 31 000 აშშ დოლარად ღირებული „ფოლკსვაგენ პასატი“ ფირმის ორი ა/მანქანა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა.
ხსენებული ა/მანქანები კი გადაფორმდა შსს და პროკურატურის სახელზე და მისით სარგებლობდნენ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნები.
ასევე, მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფისთვის, მხილებულ იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ გივი თოდაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, გასცა მითითება კუდის ბაზაზე გადაეყვანათ ბრალდებულის კუთვნილი „რენჯ როვერი“-ს და „კრაისლერი“-ს მარკის ავტომობილები, რომელთა დათმობის სანაცვლოდაც შემდგომში ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მას დაეკისრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 195 000 ლარი. ჩამორთმეული ა/მანქანებიდან, ერთ-ერთით, კერძოდ კი,,კრაისლერი“-ს მარკის ა/მანქანით სარგებლობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია.
დანაშაულში მხილებული მესამე საჯარო მოხელე საქართველოს მთავარი პროკურატურის ყოფილ თანამდებობის პირია, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმრო დაწესებულების დატოვების სანაცვლოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულმა ირაკლი მახარაშვილმა დათმო და მიატოვა სოფელ დიღომში მდებარე 357 000 დოლარის ღირებულების 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.