თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი თანამშრომელი მედლით „მხედრული მამაცობისათვის“, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი „ღირსების მედლით“ დააჯილდოვა.
14 ივნისის ღამეს კოკისპირული წვიმისა და მეწყერული პროცესების შედეგად, დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ობიექტები — ზოოპარკი, პარკი „მზიური“, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი. 3 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.