თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაზარალებულებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად, რათა ისინი ნელ–ნელა დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ ”ექსპოჯორჯიაში” ”13 ივნისის” ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიალზე.
დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 13 ივნისის ღამეს მოხდა. გარდაცვლილია 19, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები და ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
”აქ წარმოდგენილია ფოტოები, რომლებზეც 13 ივნისის ტრაგედიაა ასახული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის დღეები. უნდა გვახსოვდეს მძიმე დღეებში ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის სამაგალითო კონსოლიდაცია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ დაზარალებულთათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად, რათა ისინი ნელ–ნელა დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და სოლიდარობით ამას მივაღწევთ”, — განაცხადა ორშაბათს, 13 ივლისს ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, წყალდიდობის დროს სახელმწიფო სტრუქტურებმა, მათ შორის თბილისის მერიამ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.
”იმ მძიმე წუთებში სამინისტროები, მერიის უწყებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ”112”-ის თანამშრომლებს.
”მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ. მათ ათეულობით ჩვენი მოქალაქე გადაარჩინეს წარმოუდგენელი რისკის ფასად, არ უფიქრიათ საკუთარ სიცოცხლეზე. რომ არა ამ ბიჭების თავგანწირვა, მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა.. სამწუხაროდ, დაგვეღუპა ერთი მაშველი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობას და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.
”სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას… დიდმა ტრაგედიამ საზოგადოების დიდი ძალა დაგვანახა – ქვეყნის ერთიანობის, სოლიდარობის და კონსოლიდაციის ძალა”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.