თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დარწმუნებულია, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ვარშავაში 2016 წელს გაიმართება, აღიარებული იქნება საქართველოში გატარებული რეფორმები და მიღებული იქნება გადაწყვეტილება ქვეყნის ალიანსთან მიერთების პროცესის დაწყების თაობაზე.
„ჩვენ გვჯერა, რომ ნატოს შემდეგ სამიტზე მოხდება საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების აღიარება და იქნება მიღებული მტკიცე გადაწყვეტილება წევრობის პროცესის დაწყებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს განვითარებისათვის და სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე“, — განაცხადა ბერუჩაშვილმა საგარეო პოლიტიკის ყოველწლიურ კონფერენციაზე (Croatia Forum 2015) დუბროვნიკში პარასკევს, 10 ივლისს.
მისი თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაში პარტნიორთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ფორუმის მსვლელობაში, რომელიც 9-11 ივლისს დუბროვნიკში მიმდინარეობს, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. მიმდინარე წელს კონფერენციის თემაა —„ახალი განვითარების პოლიტიკა — პარტნიორობისა და საერთო ხედვისაკენ“.