თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
„პროექტი ქუთაისში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობასა და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას ითვალისწინებს“, — განაცხადეს სამინისტროში.
პროექტის საერთო ღირებულება 26 მილიონი ევროა. მათ შორის 20 მილიონი ევრო — სესხი გერმანიის განვითარების ბანკისგან (KFW), სამეზობლო საინვესტიციო ფონდმა გრანტის სახით 2 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო ადგილობრივი კონტრიბუცია 4 მილიონ ევროს შეადგენს.
პროექტის განხორციელების სრული პერიოდი 4 წლით განისაზღვრება.