თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის ექს-თავმჯდომარის, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არ არის სიმამაცე.
მოსკოვში ვიზიტის მსვლელობისას, 9 ივლისს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „სიმამაცე არ ეყოფა“ ქართულ-რუსული დიალოგის უმაღლეს დონეზე წარმართვისათვის.
„პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებელია,“ - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს პარასკევს, 10 ივლისს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გონივრულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული.
„საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს სტაბილურობის მორღვევას ამ ქვეყანაში, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს ომს ამ ქვეყანაში და საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც აქვს გონივრული, პრაგმატული, ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. სწორედ ეს არის ის, რასაც მე სიმამაცის მაგალთად მივიჩნევ. გონივრული პოლიტიკის განხორციელება არ არის ადვილი საქართველოსთვის და რაც ადვილი არ არის ის სიმამაცეა“, — განაცხადა წულუკიანმა.
თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მიერ აფხაზეთიას და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა. საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელეს, თუმცა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხარჯზე.