საქართველოს პრემიერმა ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია გახსნა

© facebook.com/GaribashviliOfficialფიტოსანიტარული ლაბორატორია
ფიტოსანიტარული ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიტოსანიტარული ლაბორატორია სახელმწიფოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა და აღიჭურვა. პროექტის საერთო ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik.  საერთაშორისო დონის ფიტოსანიტარული ლაბორატორია მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად  პარასკევს, 10 ივლისს გახსნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.  

 ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სურსათის უვნებლობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობის მეთაურმა პროექტის ხუთ თვეში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს და აღნიშნა, რომ მუშაობის მსგავსი ტემპები მისასალმებელია.

 „სურსათის უვნებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში არანაირი საქმიანობა არ ხორციელდებოდა. დღეს ჩვენ გავხსენით ახალი ლაბორატორია. ორი წლის განმავლობაში მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული სოფლის მეურნეობის დარგში. ეს არის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას არჩევნებამდე მისცა და ეს არის საქმე, რომელიც რეალურად ჩანს“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 ფიტოსანიტარული ლაბორატორია სახელმწიფოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა და აღიჭურვა. პროექტის საერთო ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა. (დაახლ. 1მილ. $)

 „ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სურსათის უვნებლობას, ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, მოსახლეობას, ასევე ვიზრუნოთ მომხმარებელზე, რომ მათ ჯანსაღი პროდუქცია მიიღონ", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლალი მაძღარაშვილმა პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოს საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს.


ყველა ახალი ამბავი
0