თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავარ პროკურატურაში 52 530 საჩივარი/განცხადება შევიდა, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორცილებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა. ამის შესახებ, პროკურატურიდან გამოთხოვილი მონაცემების საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) იტყობინება.
10 379 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება, აქედან კი 3 495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 — ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს.
ამასთან, პროკურატურამ არ წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიძიეს 10 ათას 379 საქმე, რამდენი იყო გამამართლებელი და რამდენი —გამამტყუნებელი დასკვნა, რამდენი პროცესუალური გარიგება დაიდო და სხვა.
საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშულისთვის 1 ოქტომბრის შემდეგ დევნა დაიწყო 367 საჯარო მოხელის წინააღმდეგ. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 პირის, გამამართლებელი — 29 პირის მიმართ, 13 პირი განერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება.