თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თურქეთის პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც 21 ადამიანი, მათ შორის სამი უცხოელი დააკავა, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ოპერაცია სტამბოლში და ქოჯაელის, მერსინისა და შანლიურფას პროვინციებში ჩატარდა. დაკავებულებს ჩამოერთვათ ორი ავტომატური შაშხანა, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, სამხედრო ტანსაცმელი და ექსტრემისტული ლიტერატურა, წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო” დღესდღეობით მსოფლიო უშიშროების ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. სამ წელიწადში ტერორისტებმა ერაყის და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა შეძლეს. გარდა ამისა, ისინი საკუთარი გავლენის ჩრდილოეთ აფრიკის, კერძოდ, ლიბიის ტერიტორიაზეც ცდილობენ.
სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, „ისლამური სახელმწიფო“ 90 ათას კვ. მეტრ ტერიტორიას აკონტროლებს, რომელზეც ტერორისტებმა ე.წ. ხალიფატი გამოაცხადეს – თავისი კანონებითა და ხელისუფლების ორგანოებით. ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 50-დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას ებრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით (ისინი მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან), ქურთები და ასევე ლიბანელი თუ ერაყელი შიიტი მეამბოხეები. საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ასობით ათასი მშვიდობიანი მაცხოვრებელი, ხოლო რამდენიმე მილიონი ლტოლვილად იქცა.