თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივლისს ქალაქ გაბალაში მომხდარ ინციდენტს პროვოკაცია უწოდა. ინციდენტი ფეხბურთში აზერბაიჯანულ „გაბალასა“ და ქართული „დინამოს“ შორის მატჩის დროს მოხდა.
„ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ, ყველა ქვეყანაში არიან ასეთი პროვოკაციული ჯგუფები. როგორც გახსოვთ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი, ანუ საქართველოს სახელითაც მოქმედებდნენ. ახლა იგივე მოხდა აზერბაიჯანის სახელით“, — განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი პროვოკაციები, „რაღა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე“.
მედიის მონაცემებით, 9 ივლისის მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე შედგენილი ბანერები გამოკიდეს, რომლებზეც საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები იყო გამოთქმული, კერძოდ: „Borchali is ancient Azerbaijan land“, „Sarvan no Marneuli“, „Bostandere No Rustavi“ и „Choruk Gemerli! No Bolnisi!“.
ბორჩალო საქართველოს სამხრეთი ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქია, რომელიც, ქვეყნის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით, მოიცავს მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებს.
მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პოლიციამ გულშემატკივრებს ეს პლაკატები ჩამოართვა, მაგრამ მოგვიანებით მსგავსი პლაკატები სტადიონზე კვლავ გაჩნდა. გარდა ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს.
მანამდე ინციდენტი თბილისში 2 ივლისს მოხდა ასევე „გაბალასა“ და „დინამოს“ შორის შეხვედრაზე. გულშემატკივართა ჯგუფმა გამოფინა პლაკატები „გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921“, ხოლო მატჩის შემდეგ მათ აზერბაიჯანის დროშა გათელეს.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ზაქათალა გამოყვეს საქართველოს ტერიტორიიდან და აზერბაიჯანს გადასცეს.