თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის „დინამომ“, ბათუმის „დინამომ“ და ცხინვალის „ცხინვალმა“ უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩები წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ. სამივე ქართულმა კლუბმა თამაში არასრული შემადგენლობით დაასრულა.
კლუბმა „ცხინვალი“ რუმინეთის „ბოტოშანისთან“ საპასუხო მატჩი ანგარიშით 1:3 წააგო. მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა სტუმრად ანგარიშით 1:1 დაასრულეს, საკუთარ მოედანზე კი პირველი ტაიმის მეექვსე წუთზე უკვე გოლი გაუშვეს საკუთარ კარში და წითელი ბარათის გამო მოთამაშეც დაკარგეს. მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდების შემადგენლობა გათანაბრდა, მაგრამ თამაშის ხასიათზე ეს არ ასახულა. სტუმრების ორ გოლს „ცხინვალმა“ მხოლოდ ერთი გატანილი ბურთით უპასუხა.
თბილისის დინამოელები, რომლებმაც შინ გამართულ შეხვედრაში ანგარიშთ 2:1 გაიმარჯვეს, გაბალაში ნულოვან ფრეს, პრაქტიკულად, მატჩის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. მაგრამ 71–ე წუთზე მინდვრიდან ქართველი ფეხბურთელი გააძევეს და მასპინძლებმა 88–ე წუთსა და დამატებით დროში ორი გოლი გაიტანეს. „გაბალამ“ ანგარიშით 0:2 გაიმარჯვა და შემდეგ წრეში გადავიდა.
ბათუმის „დინამომ“ კვიპროსის „ომონიას“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:0 მოუგო, ხოლო ნიკოსიაში 0:2 წააგო. „დინამოელებმა“ ორივე ბურთი მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე, თანაგუნდელის მოედნიდან გაძევების შემდეგ გაუშვეს. ორი მატჩის შედეგების მიხედვით მეორე რაუნდში „ომონია“ გადავიდა.
ამრიგად, საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად ევროთასების გათამაშებაში გორის „დილა“ რჩება, რომელიც სტარტს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში სერბეთის დედაქალაქში 14 ივლისს იღებს. მისი მეტოქე ბელგრადის „პარტიზანი“ იქნება.