თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 10 ივლისს საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც მოსალოდნელია მეორე ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის დეტალები არ ხმაურდება.
პირველ ხელშეკრულებას 15 ივნისს, ლე-ბურჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში მოეწერა ხელი და მისი შინაარსი ასევე უცნობია საზოგადოებისათვის.
„საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება მეორე ხელშეკრულებას ფრანგულ მხარესთან“ — იტყობინება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ხუთშაბათს, 9 ივლისს.
უფრო ადრე თინა ხიდაშელმა არა ერთხელ განაცხადა, რომ აპირებს ფრანგულ მხარესთან ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას საჰაერო უსაფრთხოების თაობაზე.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან განთავისუფლდა, მან ყოფილი თანამებრძოლები, კონკრეტულად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელსეკრულების წინასწარ განზრახვით ჩაშლაში დაადანაშაულა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, საფრანგეთში, თავდაცვის მინისტრის რანგში ვიზიტისას, 2014 წლის 28 ოქტომბერს, პრემიერის სურვილის საწინააღმდეგოდ, მან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რაც არ მოხდა. მისი თქმით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, საქართველოს გაუჩნდებოდა თავისი საჰაერო სივრცის სრულად გაკონტროლების საშუალება.
მოგვიანებით, მინდია ჯანელიძემ, რომელიც ალასანიას მერე ჩაუდგა სათავეში თავდაცვის უწყებას, განაცხადა, რომ „არაფერი არ ჩაშლილა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“.