თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისში, უზნაძის ქ. 18-ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ სერვის-ცენტრი გაიხსნა. სერვის-ცენტრის მთავარი ამოცანა, სამთავრობო ინიციატივის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ბენეფიციარებისათვის საინტერესო და საჭირო კითხვებზე სრული და ამომწურავი ინფორმაციის გაცემა იქნება, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური უწყება იტყობინება.
„ეს იქნება ცენტრი, სადაც ყველა მეწარმე მიიღებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მას აინტერესებდეს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული პროგრამების ფარგლებში. აქ იქნება კონსოლიდირებული სერვისები, უკვე 80-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამით, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე და ასევე მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება, რაც დამატებით რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს ნიშნავს საქართველოსთვის. ჩვენი იდეაა, რომ ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომლის შემდეგაც უკვე გაცილებით ფართო ცენტრი გაიხსნება, სადაც იქნება როგორც ჩვენი სამინისტროს, ასევე სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და სხვა უწყებების ფარგლებში არსებული პროგრამების სერვისები, რათა ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა მეწარმემ მიიღოს კონსოლიდირებული ინფორმაცია. ამის გარდა, იქვე შეიძლება განთავსდეს რეესტრის თანამშრომელი, რათა ადგილზევე იყოს ყველა სერვისი, რაც საჯარო რეესტრთან არის დაკავშირებული“ — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სერვის ცენტრის გახსნის ცერემონიაზე.
ღია სივრცის პრინციპით მოწყობილ ოფისში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო ინტერნეტით ისარგებლოს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე და გამოიყენოს ბიზნესის კუთხით არსებულ საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ორიენტირებული ბიბლიოთეკა.
საქართველოს მთავრობამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება2014 წლის 1 ივნისს დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 46 მლნ ლარია. მათგან 30 მლნ ლარი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუსავებაზე დაიხარჯება, ხოლო 16 მლნ. ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე. პროგრამას სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები ახორციელებენ.