თბილისის საბავშვო ბაღებში რამდენიმე ათასი ბავშვი ვერ მოხვდა

გამოწერა
ვინც ვერ მოასწრო დარეგისტრირება, უნდა მიმართონ საბავშვო ბაღებს და აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, შესაძლებლობის ფარგლებში საბავშვო ბაღები მიიღებენ ბავშვებს, აცხადებს თორდინავა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას ბრალს დებს იმაში, რომ მათი გადაწყვეტილების გამო, რამდენიმე ათასი ბავშვი, რომელთაც სასწავლო წლის დაწყებამდე არ შეუსრულდათ 6 წელი, არ მიიღეს სკოლებში და დარჩნენ თბილისის საბავშვო ბაღებს მიღმა. 

 "ხელისუფლების არაგონივრული გადაწყვეტილება, რომლის გამოც 5 ათასზე მეტი სასკოლო ასაკის ბავშვი კვლავ ბაღებში დაბრუნდა, ასევე თბილისის მერიის შეუსრულებელი დაპირება საბავშვო ბაღების რაოდენობის გაზრდის შესახებ, იმის მიზეზი გახდა, რომ ათასობით ბავშვი წელს საბავშვო ბაღში ვერ მოხვდა“ — განუცხადა ხუთშაბათს, 9 ივლისს  ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი აბესაძემ. 

 7 ივლისს, საბავშვო ბაღებში ონლაინ რეგისტრაციის მეორე ეტაპის  დაწყებიდან ერთ საათში, თბილისის ბაღებში არც ერთი ადგილი აღარ დარჩა. აღშფოთებული მშობლები, რომელთაც ვერ მოასწრეს ბავშვების დარეგისტრირება, იმავე დღეს შეხვდნენ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას. 

„ის რომ ყველა მსურველმა ვერ შეძლო დარეგისტრირება ნამდვილად ასეა. ეხლა ამ ხალხმა უნდა მიმართონ საბავშვო ბაღებს და აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში შესაძლებლობის ფარგლებში საბავშვო ბაღები მიიღებენ ბავშვებს“, განაცხადა თორდინავამ. 

ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა მსურველისათვის საბავშვო ბაღებში ადგილი მაინც არ დარჩება. 

ყველა ახალი ამბავი
0