თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საბერძნეთში ლეგალურად თუ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში მასობრივად დაბრუნებას არ აპირებენ, განაცხადა ხუთშაბათს, 9 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ.
„გუშინ მოვიწვიე სპეციალური სხდომა სამინისტროში, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ მომავალ კვირას ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ათენსა და სალონიკში გაემგზავრება, სადაც ვითარებას ადგილზე გაეცნობა. დღეს საზოგადოების ფართო მასებს აინტერესებთ სიტუაცია, თუ რა ხდება იქ. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს საბერძნეთის საელჩოსთან და მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული მასა ჩვენი წარმომადგენლებისა, ლეგალები თუ არალეგალები, მასობრივ დაბრუნებას საქართველოში არ აპირებენ“, — განაცხადა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, სოციალურ ქსელში საბერძნეთში მცხოვრებმა რამდენიმე ქართველმა დაწერა, რომ შესაძლოა ესპანეთში ან იტალიაში გადავიდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს 200 ათასი მოქალაქე იმყოფება.
„ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სამშობლოში დაბრუნებას დააპირებს, პროვაიდერის ფუნქციას შევასრულებთ და სხვადასხვა სამინისტროებთან ურთიერთობის კოორდინირებაში ყოველმხრივ დავეხმარებით“, — განაცხადა დუმბაძემ.
საბერძნეთში მძიმე ფინანსური კრიზისია. 29 ივნისს, ფინანსური სისტემის გადარჩენის მიზნით, ყველა ბანკი დაიკეტა. ქვეყანა ევროკავშირთან და მსოფლიო სავალუტო ფონდთან კრედიტების დაფარვის საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.