თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთშაბათს, 9 ივლისს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად. ამის შესახებ სასამართლოს პრეს-სამსახური იუწყება.
საქმე 2010 წელს ბიზნესმენების — მამა–შვილ თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთის გადამამუშავებელ კომპანიებში მათი წილების გამოძალვას ეხება. ამ კომპანიების ყოველწლიური ბრუნვა ათობით მილიონ ლარს შეადგენდა.
წინასწარი მოსმენა საქმეზე 24 აგვისტოს დაიწყება.
როგორც მთავარ პროკურატურაში 2 ივლისს განაცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის,,გ“ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს პირველი სისხლი სამართლი საქმე არ არის, რომელიც კეზერაშვილის წინააღმდეგაა აღძრული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. 2014 წლის ივლისში მას უკვე ჰქონდა წარდგენილი ბრალი სახელმწიფო სახსრების მითვისების, 2007 წლის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი ქონების მითვისების გამო.
გარდა ამისა, კეზერაშვილს ბრალი ედება ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდში ქალაქის ექს–მერის, გიგი უგულავას საქმეშიც. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის თებერვალში მას დაუსწრებლად მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. გამოძიების მონაცემებით, კეზერაშვილმა „პირდაპირი მუქარით“ აიძულა ტელეკომპანია „იმედის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჯოზეფ კეი (ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ), დაეთმო ტელეკომპანია. ამასთან, მისთვის თანხის გადახდა ფიქტიური გარიგების საფუძველზე მოხდა.
კეზერაშვილს ასევე ბრალი ედება დანაშაულებრივი ორგანიზებული დაჯგუფების საქმიანობის დაფარვაში, რომელსაც 2007 წელს კონტრაბანდულად შემოჰქონდა საქართველოში ეთილის სპირტი. გამოძიება ირწმუნება, რომ კეზერაშვილს რამდენიმე სახელმწიფო უწყება ქრთამსაც უხდიდა გადასახადებისა და შემოწმებებისგან თავის არიდებაში ხელშეწყობისთვის. ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებას კეზერაშვილი არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრობისას, არამედ თანამდებობიდან წასვლისა და კერძო სექტორში გადასვლის შემდეგაც განაგრძობდა (2012 წლამდე). მის მიერ უკანონოდ მითვისებული ქონების საერთო რაოდენობა 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.