თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. “საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სარკინიგზო სადგურ “ძირულასთან”, 962 მეტრი სიგრძის გვირაბი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და “საქართველოს რკინიგზის” და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ამის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზა“ იტყობინება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე ხაშური-მოლითის 22 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.
დაგეგმილია ასევე ხარაგაული-ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება.
“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 260 მილიონ შვეიცარულ ფრანკს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ხოლო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების მოწყობის შემთხვევაში, მთლიან სარკინიგზო მაგისტრალზე სატვირთო გამტარუნარიანობა 123 მილიონ ტონამდე გაიზრდება. შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება.