თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების U-19 ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი შოთა არველაძის თანაშემწე გახდა, რომელიც ცოტა ხნის წინ თურქულ „ტრაბზონსპორს“ ჩაუდგა სათავეში. ამის შესახებ პრესა იუწყება.
დევდარიანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი მაშინ დატოვა, როცა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ქართველმა ფეხბურთელებმა თურქ თანატოლებს მოუგეს, ხოლო ესპანეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ბრძოლა დათმეს.
მოსალოდნელი იყო, რომ დევდარიანი საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს“ უხელმძღვანელებდა, რომელიც ამ სეზონზე ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა, მაგრამ 43 წლის სპეციალისტმა, რომელიც თავის დროზე თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილასთან“ მუშაობდა, არველაძის წინადადება მიიღო და თურქეთში გაემგზავრა.