მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წვრთნები Agile Spirit ნატოს ეგიდით პირველად ტარდება საქართველოში

© facebook.com/mod.gov.geქართულ–ამერიკული წვრთნები
ქართულ–ამერიკული წვრთნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვრთნების ფარგლებში შეიქმნა მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი, რომელიც ძირითადად ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. საშტაბო და საველე სწავლების მიზანი კონვენციური ოპერაციებისას სამხედროების ურთიერთქმედების სრულყოფაა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სამხედრო წვრთნები Agile Spirit ნატოს ეგიდით წელს საქართველოში პირველად ტარდება, განაცხადა ოთხშაბათს, 8 ივლისს წვრთნების გახსნის ცერემონიაზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.

წვრთნების გახსნის ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. წვრთნები, რომელშიც მრავალეროვანი სამხედრო შემადგენლობაა წარმოდგენილი, საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. ის 22 ივლისამდე გაგრძელდება. ქართული მხრიდან წვრთნებში მონაწილეობს მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 220 სამხედრო მოსამსახურე და ასევე ჯარისკაცები ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ლიტვიდან და ლატვიიდან. 

„წვრთნები რამდენიმე წლის განმავლობაში იმართება, მაგრამ წელს ნატოს ეგიდით პირველად ტარდება. ამჟამად წვრთნებში მონაწილეობენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითები, ასევე რუმინული და ბულგარული ქვედანაყოფები. შტაბებში კი, როგორც ოფიცრების, ისე დამკვირვებლების სახით, წარმოდგენილნი არიან სამხედრო მოსამსახურეები ბალტიისპირეთიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან“, – განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა წვრთნების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პიროვნებას, ყველა იმ სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელმაც Agile Spirit 2015 ორმხრივი სწავლებისგან მრავალეროვნული სწავლების რანგში გადაიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ დაწყებული სწავლება დიდ მეგობრობაში გადაიზრდება“, – აღნიშნა კაპანაძემ.

წვრთნების ფარგლებში შეიქმნა მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი, რომელიც ძირითადად ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. საშტაბო და საველე წვრთნების მიზანი კონვენციური ოპერაციებისას სამხედროების ურთიერთქმედების სრულყოფაა.   

„მინდა საქართველოს Agile Spirit-ის მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადო. აქ ყოფნით ძალზე ძალზე გახარებული ვართ. გვექნება სასარდლო-საშტაბო წვრთნები, სადაც ჩვენი ბრიგადა ქართულ ბრიგადასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მრავალეროვნულ ქვედანაყოფს მეთაურობს. Agile Spirit შედარებით დაბალ – ოცეულების დონეზე საველე წვრთნებსაც გულისხმობს. ასევე მოიცავს საცეცხლე მომზადებასაც. Agile Spirit პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის ამაღლების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა აშშ-ის საზღვაო ქვეითმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარკ მაკკეროლმა.

წვრთნები, რომელიც საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შემუშავდა, 22 ივლისამდე გაგრძელდება. უელსის ნატოს სამიტზე, რომელიც 2014 წლის სექტემბერში გაიმართა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობი პაკეტი მიენიჭა. 

ყველა ახალი ამბავი
0