Snoop Dogg, «Океан Ельзи» და სხვა ჯგუფები ამ ზაფხულს ბათუმში იმღერებენ

© ge.rsp.travelბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტით 15 სექტემბრამდე დაახლოებით 200 მუსიკალური ფესტივალისა და გასართობი ღონისძიების ჩატარება იგეგმება. ღონისძიებები მთელ ქალაქს მოიცავს, მაგრამ ძირითადი ლოკაცია კოლონადებზე, კორტებსა და პიაცაზე იქნება. შემსრულებლები მსოფლიოს დაახლოებით ოცი ქვეყნიდან ჩამოვლენ.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, მათ შორის ამერიკელი სნუპ დოგი (Snoop Dogg), იტალიური პოპ-ჯგუფი Ricchi E Poveri, უკრაინელი მუსიკოსები პოტაპი და ნასტია კამენსკიხები, «Океан Ельзи» და მრავალი სხვა წელს ბათუმში ფესტივალზე Hit Batumi 2015 გამოვლენ.

პროექტით 15 სექტემბრამდე დაახლოებით 200  მუსიკალური ფესტივალისა და გასართობი ღონისძიების ჩატარება იგეგმება. ღონისძიებები მთელ ქალაქს მოიცავს, მაგრამ ძირითადი ლოკაცია კოლონადებზე, კორტებსა და პიაცაზე იქნება. შემსრულებლები მსოფლიოს დაახლოებით ოცი ქვეყნიდან ჩამოვლენ.

 „ელექტრონული მუსიკაც იქნება, კლასიკაც, ჯაზიც, როკიც, ბლუზიც – ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და ისე დავგეგმეთ. მიმაჩნია, რომ ზაფხული ძალზე მრავალფეროვანი გვექნება. ტურისტებისა და ბათუმელებისთვის ყოველი დღე დატვირთული იქნება“, – განაცხადა ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა ტელეკომპანია „აჭარის“ ეთერში.

Hit Batumi 2015 6-12 ივლისს ფოლკლორის დღეებით გაიხსნება.

ზაფხულში ბათუმში შესაძლებელი იქნება ცნობილი ბრიტანელი მომღერლის ლიზა სტენსფილდის, იტალიელი საესტრადო შემსრულებლის უმბერტო ტოცისა და ასევე ქართველი მუსიკოსების: დათო გომართელის, ნინი ბადურაშვილის, სოფო ხალვაშის, რომან რცხილაძის ბენდის „+995“, ლუკა ზაქარიაძის, დუეტ „ჯორჯიას“ სოლისტ მაკა ზამბახიძის, ნიკო ბერიძის, Big Band Batumi–სა და სხვათა კონცერტებზე დასწრება. 

Hit Batumi 2015-ის ფარგლებში დაგეგმილია „აჭარის მოდის კვირეული“ (Ajara Fashion Week), ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის დღეები, ქართველი დიჯეების, ფოლკლორული და საყმაწვილო ანსამბლების გამოსვლა, მიუზიკლები და თოჯინების მსვლელობები, გამოფენები, სპორტული, თეატრალური ღონისძიებები, ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი, რომლითაც პროექტი Hit Batumi დაიხურება და სხვა მრავალი. ასევე შემუშავებულია საბავშვო პროგრამები.

პროექტის განხორციელებისთვის 3,4 მილიონი ლარია (დაახლოებით 1,5 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფილი, ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია და საკრებულო, კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. 


ყველა ახალი ამბავი
0