თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.
პროგნოზირებისა და სისტემური ანალიზის ცენტრის პრეზიდენტი როსტისლავ იშჩენკო
9–10 ივლისს უფაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების მეთაურთა შეხვედრა გაიმართება. რუსეთს შეხვედრაზე ერთბაშად ქვეყნის ორი ხელმძღვანელი წარმოადგენს, ვინაიდან პრემიერ–მინისტრი დმიტრი მედვედევი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანიცაა. გასაგებია, რომ სწორედ რუსეთი ამზადებს, და უფრო მეტიც, განსაზღვრავს კიდეც შეხვედრის დღის წესრიგს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია დაკავებულია როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებით. ამასთან, ორგანიზაციას ვერც სამხედრო ბლოკს ვუწოდებთ და ვერც ეკონომიკურ კავშირს, ამ სიტყვის სრული გაგებით. ეს უფრო სტრუქტურაა, რომელიც ევრაზიაში საკვანძო მდგომარეობის მქონე სახელმწიფოთა ჯგუფს საშუალებას აძლევს, რბილ რეჟიმში გაუწიოს კოორდინაცია საგარეო, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკას, და რომელიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მილიარდნახევრიანი ბაზრის გარდა, მსოფლიოს პირველ ათეულში შემავალ, სულ ცოტა, ორ ეკონომიკას — ჩინეთსა და რუსეთს (ინდოეთის გამოკლებით) აკონტროლებს.
სტრატეგიული მდგომარეობა დაახლოებას სტიმულს აძლევს
ორგანიზაციას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების (ინდოეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ირანი) ტერიტორიების გავლით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აქვს გასასვლელი, სწორედ იმ ტერიტორიის საზღვარზე, სადაც ახლა „ისლამური სახელმწიფო“ ყალიბდება. რუსეთის ტერიტორიაზე (უკრაინაში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, პერსპექტივაში) უნდა გაიაროს გრანდიოზული პროექტის „დიდი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ ჩრდილოეთ შტომ, რომელიც ჩინეთს ევროპასთან დააკავშირებს.
თუმცა, თუ უკრაინაში კონფლიქტი დროში გაიჭიმება, მაშინ მარშრუტი კიდევ უფრო ჩრდილოეთით გადაიწევს — ბელორუსის გავლით, რომელსაც ორგანიზაციაში დიალოგის კუთხით პარტნიორის სტატუსი აქვს. დიდი აბრეშუმის გზის სამხრეთ შტოს მარშრუტი ანალოგიურად გადის ზემოთ ჩამოთვლილი დამკვირვებელი ქვეყნებისა და თურქეთის ტერიტორიებზე, რომელიც ასევე გახლავთ ორგანიზაციის დიალოგის კუთხით პარტნიორი. ამას გარდა, თურქეთზე შეიძლება გაიაროს გაზსადენმა „სამხრეთის ნაკადმა“.
ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში სახელმწიფოების ინტეგრაციის სხვადასხვა დონის მიუხედავად, ეკონომიკური და სამხედრო–პოლიტიკური ინტერესები მათ შემდგომ დაახლოებას კარნახობს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ყველაფერი აქვს ეკონომიკური ზრდისთვის: ნედლეულის ბაზა, კვალიფიციური მუშახელი, განვითარებული ტექნოლოგიები. ამას გარდა, ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს სტრატეგიული მდგომარეობა უკავიათ მსოფლიო ვაჭრობის უკვე არსებულ და პერსპექტიულ გზებთან მიმართებაში.
თუმცა ყველა ამ პოტენციური შესაძლებლობის რეალურ მიღწევებად გარდასაქმნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის, როგორც ჩინეთის სამრეწველო პროდუქციის გასაღების ბაზრის, შენარჩუნება. ანუ, ევროპის მოსახლეობამ მკვეთრად არ უნდა დაკარგოს მსყიდველობითი უნარი, ხოლო სატრანზიტო გზები თავისუფალი და უსაფრთხო უნდა იყოს. აი ეს კი პრობლემატური საკითხია.
სტაბილიზაცია ყველას არ აწყობს
აშშ, ცდილობს რა შეინარჩუნოს მსოფლიო ჰეგემონია, აქტიურად უტევს რუსეთს და ცდილობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩაშალოს ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის შესაძლებლობა. ამას გარდა, ამერიკა ევროპისა და ჩინეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო გზებზე ომებსაც აჩაღებს. დღეს რუსეთის ტერიტორია და ბელორუსსა და პოლონეთზე გამავალი ვიწრო დერეფანიღა არის პროექტ დიდი აბრეშუმის გზის უკანასკნელი საიმედო სახმელეთო მაგისტრალი.
უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ირანი ჯერჯერობით ისევ სანქციების რეჟიმშია. ამას გარდა, ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები საფრთხეს უქმნის მასთან ძალიან ახლოს მდებარე მაგისტრალებს ირანის აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ თურქეთში. მთელი ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული. ავღანეთი იმდენად არასტაბილურია, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერაფერს აკონტროლებს საკუთარი თავის გარდა, ხოლო ბირთვული პაკისტანი ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს.
აქედან გასაგები ხდება, რომ უფაში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე მხოლოდ ახლო თუ შუა აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და კონტროლზე აყვანის პრიზმაში შეიძლება იმსჯელონ. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს არ ძალუძს აშშ–სგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, ხოლო ამერიკას არ აინტერესებს სტაბილიზაცია ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში, სწორედ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ უნდა აიღოს მთელი ევრაზიის (ევროკავშირის საზღვრებამდე) კონტროლზე პასუხისმგებლობა.
არასრულფასოვანი ბლოკი?
იმდენად, რამდენადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნატოსგან განსხვავებით, არ გახლავთ სრულფასოვანი სამხედრო ბლოკი და არ გააჩნია განვითარებული საშტაბო თუ საჯარისო სტრუქტურები, რომელთაც პასუხისმგებლობის რეგიონში წესრიგის დამყარების მიზნით აამოქმედებდა, ამოცანა მეტად რთულია. ამიტომ ის უნდა გადაიჭრას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ისე აღიარებული და არაღიარებული სახელმწიფოების სამხედრო პოტენციალების გამოყენებით, რომლებიც ახლა დაპირისპირების ხაზზე იმყოფებიან (სირია, თურქეთი, ირანი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, დნესტრისპირეთის რესპუბლიკა).
ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შემავალი უმსხვილესი სამხედრო „დერჟავების“ (რუსეთისა და ჩინეთის) ყურადღების გასაფანტად, აშშ შუა აზიასა (რომელზეც მოსკოვიდან პეკინისკენ უმოკლესი გზა გადის) და სამხრეთ კავკასიაში (საიდანაც ერთდროულად შეიძლება რუსეთის, თურქეთისა და ირანის ზურგში მოქმედება) აქტიურად გააჩაღებს სამოქალაქო კონფლიქტების კერებს.
თეორიულად, მოცემული პრობლემის ლოკალიზება–აღმოსაფხვრელად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შესაძლებლობების გამოყენებაც შეიძლება, რომელიც, დამფუძნებელი დოკუმენტაციის თანახმად, სრულფასოვან სამხედრო ბლოკად გვევლინება. თუმცა ეს სტრუქტურა ჯერ კიდევ ვერ გასცდა ბიუროკრატიულ აპარატსა და ასევე მეტად ამორფულ ოპერატიული რეაგირების კოლექტიურ ძალებს. ეს ძალები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არსებობის მანძილზე არც არასდროს ამოქმედებულა და შემადგენლობითაც, უფრო საპოლიციო ოპერაციებისთვის არის გამოსადეგი. მას მხოლოდ მეამბოხეებთან მებრძოლი ხელისუფლებისთვის შეზღუდული დახმარების გაწევა ძალუძს და არა უუნარო ხელისუფლების გადარჩენა.
ამგვარად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ინტერესების სამხედრო გზით დაცვის ერთადერთ ქმედით მექანიზმად რუსეთისა და ჩინეთის არმიები რჩება. თუმცა არც მათი სრულად ამოქმედება შეიძლება, ვინაიდან ორგანიზაციის შედარებით სუსტი წევრები შესაძლოა დაფრთხნენ და იფიქრონ, რომ რახან ჩინეთმა და რუსეთმა ერთხელ უკვე გამოიყენეს სამხედრო ძალა, შესაძლოა მადა გაეხსნათ, აღარ გაჩერდნენ და ჩვენი სუვერენიტეტიც დაარღვიონო. საფრთხის შეგრძნება მათ ასევე შეიძლება გაუზარდოს ორგანიზაციის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნებისა და მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ რეგიონებში საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებაზე დოქტრინის არარასებობამ.
ვფიქრობ, რომ ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, როგორიც არ უნდა იყოს უფაში შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგი, პირველ რიგში ყურადღება უნდა დაეთმოს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმების შექმნისა და ასევე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების სამხედრო დაცვის თემებს, მათ შორის, მიმდებარე რეგიონებში სტაბილურობის უზრუნველყოფის გზით.
თუმცა ვფიქრობ, რომ ინფორმაცია მოლაპარაკებათა ამ ნაწილის შესახებ ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების მასალებში არ მოხვდება. ამიტომ მოლაპარაკებათა შედეგებზე მსჯელობას ჩვენ მხოლოდ ევრაზიის კრიზისულ რეგიონებში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პოლიტიკის კოორდინაციისა და თანმიმდევრულობის დონის მიხედვით შევძლებთ.
ავტორის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.