თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა 15 ივლისს პრაღაში გაიმართება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
„საუბრისას განიხილებოდა რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობის ზოგიერთი პრაქტიკული საკითხი, მათ შორის ამა წლის 15 ივლისს პრაღაში მორიგი შეხვედრის მზადების პროცესი“, — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.
ამჟამად დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფონზე გრძელდება. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, იქ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განახლების, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები წყდება.