თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ქართველი მღვდელმსახური ილია კარტოზია, რომელიც იონის ზღვაში ჩაძირულ ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ დაიღუპა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) განსაკუთრებული მამაცობისთვის დააჯილდოვა, იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოთხშაბათს, 8 ივლისს.
მამა ილია კარტოზიას გარდა, ჩასაძირად განწირულ „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს კიდევ შვიდი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც მაშველებმა გადაარჩინეს. მამა ილია ბოლო მომენტამდე ეხმარებოდა მგზავრებს და მათ გადარჩენაში მონაწილეობდა. მღვდელმსახურმა საკუთარი ადგილი სამაშველო ნავში ბავშვებიან ქალს დაუთმო, თავად კი ბორანზე დარჩა.
„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია ყოველწლიურად აჯილდოებს ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ მამაცობას იჩენენ ზღვაში. წელს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მამა ილია კარტოზიას კანდიდატურა წარმოადგინა აღნიშნულ ჯილდოზე. კანდიდატურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნომ 114–ე სესიაზე განიხილა და მამა ილია კარტოზიას დაჯილდოება გადაწყვიტა იმ განსაკუთრებული სიმამაცისთვის, რომელიც მან ზღვაში გამოიჩინა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ ასეთი დონის საზღვაო ჯილდო საქართველოში აქამდე არავის მიუღია. დაჯილდოების ცერემონია 2015 წლის ნოემბერში იგეგმება.
ხანძარი ბორანზე 2014 წლის 28 დეკემბრის დილას გაჩნდა. ამ დროს იქ 499 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მგზავრები, ეკიპაჟის წევრები და არალეგალი მიგრანტები. უკანასკნელი მონაცემებით „ნორმან ატლანტიკიდან“ 477 ადამიანი გადაარჩინეს, დაღუპულად ითვლება 11 ადამიანი.