ღარიბაშვილი: მთავრობის მიზანია იმპორტი ადგილობრივმა წარმოებამ ჩაანაცვლოს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი, პროგრამა "აწარმოე საქართველოში"
ირაკლი ღარიბაშვილი, პროგრამა აწარმოე საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში დაიწყო 90 სამრეწველო პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 250 მილიონ ლარს აღემატება.

თბილისი. 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს  მთავრობის მიზანია ქვეყანაში იმპორტი ადგილობრივმა წარმოებამ ჩაანაცვლოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 7 ივლისს Expo Georgia-ს საგამოფენო დარბაზში გამართულ  სამთავრობო პროგრამის — „აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შედეგები შემაჯამებელ ღონისძიებაზე. 

 მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში დაიწყო 90 სამრეწველო პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 250 მილიონ ლარს აღემატება; კომერციული ბანკების მიერ კერძო სექტორისთვის გაიცა 122 მილიონ ლარამდე ოდენობის სესხი; პროგრამის ფარგლებში დასაქმდება 5 ათასზე მეტი ადამიანი.

 „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი, პირიქით, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საზრუნავი არის ადგილობრივი წარმოების განვითარება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება", — განაცხადა პრემიერმა.

 "მე არ ვსაუბრობ ტროპიკულ ხილზე და ა.შ. ის, რაც ჩვენთან ვერ მოდის, მაგრამ ის, რისი მოყვანაც ჩვენ შეგვეძლება საქართველოში, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი წარმოება და უნდა ჩავანაცვლოთ, იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია“ —აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საჭიროა ქვეყანაში არსებული რესურსების გონივრული გამოყენება. მისივე თქმით, საქართველოში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.

 „სახელმწიფოს არ შეუძლია იმაზე უკეთესი შესთავაზოს, რაც არის "აწარმოე საქართველოში", ან იაფი აგროკრედიტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ 10%-იან სესხის სუბსიდირებას ვუკეთებთ და მეწარმეს, 1% ან 2% გადახდა უწევს მხოლოდ. ჩვენ ვაძლევთ ქარხანას თუ მიწას სიმბოლურ ფასად ერთ ლარად. ამას გარდა, სახელმწიფო გასცემს გარანტიას ბანკებისთვის 50%-ის ოდენობით, ეს არის უდიდესი ხელშეწყობა. ასეთი პირობები, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაში. ახლა საჭიროა გააქტიურება მეწარმეების მხრიდან. არსებობს სტაბილური გარემო და ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ჩვენ კი ვართ მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მეწარმეობის განვითარების საქმეში.

 საქართველოს მთავრობამ პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება2014 წლის 1 ივნისს დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 46 მლნ ლარია. მათგან 30 მლნ ლარი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუსავებაზე დაიხარჯება, ხოლო 16 მლნ. ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე. პროგრამას სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები ახორციელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0