საქართველოს პრემიერი: აუცილებელია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მოსამართლეები კონკურსის შედეგად აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა და ამ სკოლაში სწავლისაგან განთავისუფლებული პირებისაგან, და არ დაინიშნებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. აუცილებელია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს და ჩვენ ამ გზაზე აბსოლუტურად შეუპოვარი ვიქნებით, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ სამშაბათს, 7 ივლისს განაცხადა, ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური იტყობინება

 შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინიციატივით გაიმართა, ლევან მურუსიძემ პრემიერს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

 „ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა მთავრობის აქტიური დახმარება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ კორუფციის რისკები სასამართლოში, რადგან კორუფცია არის დამანგრეველი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ამ ნაწილში მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად ვიქნებით. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა სასამართლოს შიგნით. ჩვენ ყოველგვარი რყევები უნდა ავიცილოთ თავიდან. საჭიროა კონსულტაციების და დიალოგის გზით გადავწყვიტოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი საკითხი", — განაცხადა პრემიერმა. 

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა პრემიერს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან მურუსიძემ სასამართლო სისტემის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პოლიტიკოსებს მიმართა თხოვნით, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავონ, რადგან ამით შესაძლოა, სასამართლოს იმიჯი შეილახოს.

 „ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამას სჭირდება გაგრძელება, სტაბილურობა. ყველა ვალდებულია, ამ ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეს და იზრუნოს დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულებისთვის", — განაცხადა ლევან მურუსიძემ.

საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ შემუშავებული შესწორებები კანონში, მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა სამართლიანობის გარანტიების შექმნას. 

 ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მოსამართლეები კონკურსის შედეგად აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა და ამ სკოლაში სწავლისაგან განთავისუფლებული პირებისაგან, და არ დაინიშნებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. ამასთან, მოსამართლეებს უფლება აქვთ თავად აირჩიონ ქალაქის (რაიონის) სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები. გარდა ამისა იცვლება მოსამართლეებს შორის საქმეთა გადანაწილების წესი. იუსტიციის სამინისტროს წინადადებით, შემოღებული იქნება საქმეთა ელექტრონული შემთხვევითი გადანაწილება, რაც „მთლიანად გამორიცხავს კორუფციის რისკს“. 

 ამასთან, ცვლილებების თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეებს არ ექნებათ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარული საქმეთ წარმოების უფლება. ამ უფლებას დამოუკიდებელი ინსპექტორი მიიღებს, რომელიც თავის მხრივ ახალი ინსტიტუტია დისციპლინარული საქმეთწარმოების პროცესში. 


ყველა ახალი ამბავი
0