საქართველოს სამხედრო ძალების ასეული ავღანეთში მიემგზავრება

© facebook.com/mod.gov.geთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა შესაბამისი მომზადება გერმანიაში გაიარა. ეს მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საერთაშორისო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიის შესასრულებლად მზადაა. ის თავის მისიას მაზარ-ი-შარიფში შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს, იუწყება სამშაბათს, 7 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ქართული სამხედრო ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი ვაზიანში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძე, გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი (Bernard Hop), ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ოფიციალური პირები.

„ქართული სახელმწიფოს სიმტკიცე თქვენზე დგას. ავღანეთში ქართველი მეომრების საქმიანობა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უყურებს და რითიც გვაფასებს მთელი მსოფლიო. როგორი იქნებით თქვენ, როგორები იქნებით ავღანეთში, დიდწილად არის ამაზე დამოკიდებული ქვეყნის ავტორიტეტი. დღეს თუკი საქართველოს პატივს სცემენ სადმე, დედამიწის რომელიმე წერტილში, თუკი საქართველო ამაყად დადის ნატოს დერეფნებში, თუკი საქართველოსთვის კარი ყველგან ღიაა, პირველ რიგში ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით თქვენ“, — განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა შესაბამისი მომზადება გერმანიაში გაიარა. ეს მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საერთაშორისო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. ქვედანაყოფი როტაციის მსვლელობისას მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს შეცვლის.

მისია ”გადამწყვეტი მხარდაჭერა” ავღანეთში, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ოპერაციის სამხედრო სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერატში, მაზარი-შარიფში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი განათავსეს. მისია საბრძოლო არ არის — ნატოს სამხედროებს შეუძლით თავდაცვა, მაგრამ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0