თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებსა და სხვადასხვა დახმარებების კუთხით არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელა, იუწყება სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს–სამსახური სამშაბათს, 7 ივლისს.
კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპული დახმარებების კოორდინატორს ალინა რომანოვსკის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწეს რობერტ ბერშინსკის და საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს კარლ გერშმანს.
„შეხვედრებზე მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. ამერიკის მხარის წარმომადგენლები ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პროკურატურის, სასჯელაღსრულების, სასამართლო სისტემის, მედია-თავისუფლებისა და შრომითი კანონმდებლობის დახვეწის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება“, — ნათქვამია განცხადებაში.
დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელისუფლების აქტიურ თანამშრომლობას. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარიდან განხორციელებული დახმარების მნიშვნელობა. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს დახმარებების კუთხით არსებულ პრიორიტეტეტულ მიმართულებებზე.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაძლიერებული პროპაგანდის კონტექსტში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობა“, — ნათქვამია განცხადებაში.
დავით ბაქრაძე აშშ–ში 4 ივლისს გაემგზავრა.