თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და „მანჩესტერ სითის“ ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე ლიდერობს „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის წოდების პრეტენდენტა სიაში. გამოკითხვას გულშემატკივრებს შორის ხმის მიცემით გამოცემა Manchester evening news ატარებს.
ამ დროისათვის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა 13 ათასმა კაცმა მიიღო და 71% მხარს სწორედ ქინქლაძეს უჭერს. მეორე ადგილზე კლუბის მოქმედი თავდამსხმელი არგენტინელი სერხიო აგუეროა. მას 12%-მა მისცა ხმა. ლიდერთა სამეულს ინგლისელი ნახევარმცველი კოლინ ბელი აგვირგვინებს, რომელმაც 13 წელი ითამაშა „ქალაქელებთან“ – 1966-1979 წლებში.
გიორგი ქინქლაძემ „სითის“ მაისური 3 წელი ატარა, მოედანზე 106 ოფიციალურ თამაშში გამოვიდა და 20 გოლი გაიტანა.