თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, 6 ივლისს, შენობის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მომხდარის სასწრაფო გამოძიების აუცილებლობაზე განაცხადა.
თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაძე მდებარე შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი, მეოთხე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, პაციენტს მრავლობითი სახის ტრავმა აღენიშნებოდა, რომლებიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. მედიის მონაცემებით დაღუპულები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის შედეგად ადამიანთა გარდაცვალების გამო. მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ამ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, — აღნიშნულია პრეზიდენტის გვერდზე განთავსებულ შეტყობინებაში.
შსს-ში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით – უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას – მიმდინარეობს. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე ვადით გამოსასწორებელ სამუშაოებს ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით.