თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. რიგითმა გამვლელმა პოლიციის კაპიტანი, პატრულ-ინსპექტორი მამუკა მგალობლიშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დანით დაჭრა. მგალობლიშვილი საპატრულო პოლიციის მანქანაში იჯდა და მეწყვილეს ელოდებოდა, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური ორშაბათს 6 ივლისს.
ინციდენტი თბილისის ცენტრში, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.
”იგი იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში, ხოლო მისი მეწყვილე ავტომანქანიდან მოქალაქის დაჯარიმების მიზნით გადავიდა. ამ დროს მამუკა მგალობლიშვილს გამვლელმა — გივი გ-მ ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი დაშავებულმა პატრულ-ინსპექტორმა და მისმა მეწყვილემ შემთხვევის ადგილზე დააკავეს”, — აღნიშნულია განცხადებაში.
მგალობლიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც უკვე გამოწერეს.
გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო და მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც პოლიციელისათვის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.