თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო დღეების განმავლობაში ნიგერიაში დაჯგუფება ”ბოკო ჰარამის” მიერ განხორციელებული ტერაქტების სერია დაგმო, რომლებმაც 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და დაღუპულთა ოჯახებს და ნიგერიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
”საქართველო მხარს უჭერს ნიგერიის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება არსებული გამოწვევების დაძლევა”, — აღნიშნულია ორშაბათს, 6 ივლისს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ პარასკევს, 3 ივლისს ტერორისტებმა ჯიპში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. აფეთქება ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ ბორნოს ადმინისტრაციულ ცენტრ მაიდუგურუდან ათ კილომეტრში, დასახლებულ პუნქტ ზაბარმარიში განხორციელდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა კვირას, 5 ივლისს ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იობეს შტატის ქალაქ პოტისკუმის ეკლესიაში თავი აიფეთქა.
მოგვიანებით, ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ჯოსში ორი აფეთქება მოხდა — ერთ-ერთ მეჩეთსა და ელიტურ მუსულმანურ რესტორანში. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ზოგიერთი მონაცემით, მეორე თავდასხმის მიზანი მუსულმანი მღვდელმსახური იყო, რომელიც ისლამურ დაჯგუფება ”ბოკო ჰარამს” აკრიტიკებდა.