თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. წყარო ქალაქ აინ-ისადან უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა დაიპყრეს. ბრძოლები გრძელდება, იუწყება ტელეარი Sky News Arabia.
რამდენიმე საათის წინ, სააგენტო „როიტერი" იუწყებოდა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ისევ დაიპყრო სირიული ქალაქი აინ-ისა და იქიდან ქურთი მებრძოლების რაზმები განდევნა.
„თელ-აბიადის სამხრეთით მდებარე ქალაქ აინ-ისაში მყოფი წყარო უარყოფს ინფორმაციას „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ ქალაქზე კონტროლის დამყარებას და ადასტურებs, რომ ბრძოლები ბოევიკებსა და ქურთ მებრძოლებს შორის კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ტელეარხმა საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.
ორი კვირის წინ, ქურთმა მეამბოხეებმა შეძლეს ქალაქ აინ-ისას „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლიდან გამოხსნა, აღნშნავს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ქალაქის გათავისუფლების ოპერაციაში აშშ-ის ავიაციაც იყო ჩართული.
აინ-ისა ქალაქ რაკადან – სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ფაქტობრივი დედაქალაქიდან 30 კმ–ით დაშორებით მდებარეობს.
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის მსოფლიოს უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ტერორტისტებმა ერაყისა და ირანის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა შეძლეს. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ საკუთარი გავლენა გაავრცელონ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ, ლიბიაში. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, „ისლამური სახელმწიფო“ 90 ათას კვ. მეტრ ტერიტორიას აკონტროლებს, რომელზეც ტერორისტებმა ე.წ. ხალიფატი გამოაცხადეს – თავისი კანონებითა და ხელისუფლების ორგანოებით. ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 50-დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას ებრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით (ისინი მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან), ქურთები და ასევე ლიბანელი თუ ერაყელი შიიტი მეამბოხეები. საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ასობით ათასი მშვიდობიანი მაცხოვრებელი, ხოლო რამდენიმე მილიონი ლტოლვილად იქცა.