თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს უკრაინაში აშშ-ის ელჩს ჯეფრი პაიეტს შეხვდა და შეუთანხმდა, რომ გუბერნატორის ახალ გუნდს ხელფასს აშშ-ის მთავრობა გადაუხდის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოდესის ახალ პოლიციას, რომელიც ამჟამად ყალიბდება, ამერიკელი (კალიფორნიელი) პოლიციელები მოამზადებენ. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.
”შევთანხმდით, რომ ამერიკელი პოლიციელები კალიფორნიიდან ოდესის ახალ პოლიციას მოამზადებს. ასევე ოდესის ანტიკორუფციული შეტევის ფარგლებში ამერიკის მთავრობა სააკაშვილის ახალი გუნდისთვის ხელფასის გადახდას დაგვთანხმდა”, — დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ ვებგვერდზე.
უკრაინის შს სამინისტრო უწყების ძირეულ რეფორმას ახორციელებს. დაგეგმილია ახალი სამსახურის შექმნა, რომელიც ამჟამინდელ მილიციას და სახელმწიფო ავტოინსპექციას ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. საპილოტე პროექტების სახით თავდაპირველად დიდ ქალაქებში ახალი საპატრულო პოლიციის შექმნა იგეგმება. პირველი ქალაქი, სადაც ახალმა პატრულმა მუშაობა 4 ივლისს დაიწყო, კიევია. დაგეგმილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი პოლიციის შექმნა და მისი თანამშრომლების შესაბამისი ხელფასით უზრუნველყოფა.