თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქართული ჯგუფი Reggaeon რეგი-ფესტივალს Reggaeland 2015 გახსნის, რომელიც პოლონეთის ქალაქ პლოცკში 10-11 ივლისს გაიმართება, აღნიშნულია ჯგუფის ოფიციალურ ვებ–გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ში.
Reggaeon, პოლონურ ჯგუფ Kompanija Reggae Sound-თან ერთად, ფესტივალის ჰიმნს შეასრულებს. ჯგუფები მსმენელის წინაშე ასევე ერთსაათიანი კონცერტით წარდგებიან.
როგორც ფესტივალის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, Reggaeland 2015-ში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ჯგუფები იამაიკიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და იაპონიიდან.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რეგისთან და მსოფლიოში მის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასტერ-კლასები და კინოჩვენებები, დისკუსიები თანამედროვე ცხოვრებასა და ბობ მარლის მუსიკის შესახებ, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდებოდა. ფესტივალის სპეციალური სტუმარი ბობ მარლის ერთ-ერთი ვაჟი იქნება.
ჯგუფი Reggaeon 2008 წლის აგვისტოში რუსთავში ჩამოყალიბდა. ჯგუფის შექმნის იდეა მის ვოკალისტს ლაშა ნოზაძეს ეკუთვნის. ჯგუფმა პირველი ალბომი 2009 წელს, ხოლო მეორე — 2011 წელს გამოუშვა.