თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებში პრაღაში შედგება.
„ჩვენ პრაღაში, ივლისის შუა რიცხვებში შევხვდებით“, განუცხადა აბაშიძემ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“. მისი თქმით, შეხვედრის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შაბათს „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ მიერ ორგანიზაბული ფორუმი შედგა. ფორუმში საქართველოს სპეცწარმომადგენლის გარდა, ქართველი და რუსი ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაც თავის მხრივ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მთელ რიგ საკითხებზე თავისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ასევე განიხილეს თემები, რომლებზეც ორი ქვეყნის წარმომადგენლები მომავალ შეხვედრაზე იმსჯელებენ.
უფრო ადრე აბაშიძე აცხადებდა, რომ მისი მოლაპარაკებები კარასინთან პირველად შედგება გაფართოებულ ფორმატში — ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უფრო დეტალური განხილვისათვის.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საზიანოდ.
ამ დროისთვის დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფონზე ნარჩუნდება. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მათზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განახლების, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები წყდება.