თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ტუნისის პრეზიდენტმა ბენჯი კაიდ ეს-სებსიმ, გასულ კვირას საკურორტო ქალაქ სუსთან მომხდარი ტერაქტის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ფრანც პრესი იტყობინება.
„პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტუნისში და მოსახლეობას 17:00 საათზე (19:00 მოსკ.დრ.) მიმართავს“, — აცნობეს სააგენტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ტუნისის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული შეტევა 26 ივლისს კურორტ ელ-კანტაუიში მოხდა ქალაქ სუსის მახლობლად. ადგილობრივმა სტუდენტმა სასტუმრო Imperial-ის წინ 40 კაცი დახვრიტა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომა“ აიღო.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჯარსა და პოლიციას მოქმედების დიდ თავისუფლებას აძლევს. ტუნისის ხელისუფლებამ მსგავს ზომებს 2011 წლის იანვარში მიმართა, როცა ქვეყანაში პრეზიდენტ ზინ ალ-აბიდინა ბენ ალის წინააღმდეგ მღელვარება და საპროტესტო აქციები დაიწყო. საგანგებო მდგომარეობა რამდენჯერმე გაგრძელდა და მხოლოდ 2014 წლის მარტში გაუქმდა.