თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, ბიზნესმენებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარნენ, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური პარასკევს, 3 ივლისს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ იბნ თალალ იბნ აბდულაზიზ ალ-საუდმა, რომელიც რა მდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა, 300 ათასი აშშ დოლარი გადარიცხა დაზარალებულთა დახმარების ფონდში.
„მინდა, მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო საუდის არაბეთის პრინცს, ასევე ყველა იმ ქართველ თუ უცხოელ ბიზნესმენს, ბანკებს, ფიზიკურ პირებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც გვერდით დაუდგნენ სახელმწიფოს. ეს არის უპრეცედენტო კონსოლიდაციისა და სოლიდარობის გამოხატულება“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მეზობელი სახელმწიფოების – თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინისა და ასევე ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
სტიქიის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 110 ოჯახს მატერიალური ზიანი მიადგა.