ღარიბაშვილი: სახელმწიფო სამსახური კარიერულ წინსვლაზე უნდა იყოს დაფუძნებული

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს, მინისტრთა კაბინეტმა საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ იმსჯელა, რომელიც უახლოეს მომავალში განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში უნდა შეიქმნას პროფესიული საჯარო სამსახური, რომელიც კარიერულ წინსვლაზე იქნება დაფუძნებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს, 3 ივლისს მთავრობის სხდომაზე.

პარასკევს, მინისტრთა კაბინეტმა საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ იმსჯელა, რომელიც უახლოეს მომავალში განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

”ეს იქნება უპრეცედენტო და რევოლუციური რეფორმა. სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება და შეიქმნება სერიოზული, პროფესიული, ევროპული, თანამედროვე, ცივილიზებული საჯარო სამსახური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო მოხელეთა დაწინაურება პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა.

”წინა ხელისუფლების დროს ადამიანთა დაწინაურება ხდებოდა მხოლოდ პოლიტიკური და არა — პროფესიული ნიშნით. ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა გაწეული სამუშაოსთვის საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელს ეკა ქარდავას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა ასევე მადლიერებით აღნიშნა ევროკავშირის, სიგმას, USAID-ის როლი კანონპროექტის მომზადების საქმეში.

ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვადაზე ადრე შეასრულებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმას გულისხმობს.

როგორც ადრე ეკა ქარდავამ განაცხადა, კანონპროექტში დაკონკრეტებული იქნება კონკურსანტების და პროფესიონალი საჯარო მოხელეების უფლებების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობები.


ყველა ახალი ამბავი
0