თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. რუსეთის უარი საქართველოსთან შეთახმებაზე პატიმრების გადაცემის შესახებ თანამშრომლობას ზიანს არ აყენებს, ამაზე თბილისის მკვეთრი რეაქცია დაუსაბუთებელია და იურიდიულად არაკორექტულია, აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგემლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის პასუხში. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სამსახური ”რია ნოვოსტი” იუწყება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას საქართველოსთან შეთანხმებაზე დამნაშავეების გადაცემის შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უკვე წარედგინა.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს რეაქცია რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილებაზე ”გაზვიადებულია”. ამ შემთხვევაში საუბარია ”შეთანხმებასთან მიმართებით რუტინულ, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ პროცედურაზე, რომელიც მისი ხელმოწერის შემდეგ — 1996 წლის 19 მარტს — ეს 20 წლის წინ მოხდა, მაინც არ ამოქმედდა”, — განმარტეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მოსკოვმა თითქმის ორ ათეულ საერთაშორისო შეთანხმებასთან დაკავშირებით ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღო. ამის მიზანია ”უცხოურ სახელმწიფოებთან მიმართებით შეთანხმებით-სამართლებრივი ბაზის დაცვის საკითხში სამართლებრივი სიცხადის შექმნა”.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ”შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულება, რაც შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელია, არამიზანშეწონილად ჩაითვალა, რადგანაც რუსეთი და საქართველო არიან საერთაშორისო მექანიზმების მონაწილენი, რომლებიც ამ პრობლემატიკას არეგულირებენ, კერძოდ, 1998 წლის 6 მარტს მოსკოვში ხელმოწერილი კონვენციის მონაწილენი, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაცემას გულისხმობს, ასევე 1983 წლის 21 მარტს სტრასბურგში პატიმრობამისჯილი პირების გადაცემის შესახებ ხელმოწერილი კონვენციის მონაწილენი”.
”რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება ამ სფეროში საქართველოსთან მომავალ თანამშრომლობაზე არანაირად არ იმოქმედებს. ამგვარად, ქართული მხარის განცხადება, რომ რუსეთმა ”საქართველოსთან მიმართებით საშიში ნაბიჯი გადადგა” უსაფუძვლოა და იურიდიული თვალსაზრისით — არაკორექტული”, — აღნიშნულია ლუკაშევიჩის პასუხში, რომელიც უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.