ნაძალადევის რაიონის ბენეფიციარები კვების რაციონით უკმაყოფილებას გამოხატავენ

© photo: Sputnikუმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის
უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაძალადევის რაიონში, მერიის მიერ გაუმჯობესებული კვებით მომსახურების მიზნით გამართულ ტენდერში კომპანია „ელფმა“ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც წააგო კონკურსი და უკვე 6 თვეა კონკურსის შედეგების გასაჩივრებითაა დაკავებული.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თბილისის ნაძალადევის რაიონის უფასო სასადილოს ბენეფიციარები გაუმჯობესებული კვების მენიუს ითხოვენ, რომელიც დედაქალაქის მერიამ ქალაქის მასშტაბით 2015 წლის 1 იანვრიდან შემოიღო.

 ნაძალადევის რაიონში, მერიის მიერ გაუმჯობესებული კვებით მომსახურების მიზნით გამართულ ტენდერში კომპანია „ელფმა“ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც წააგო კონკურსი და უკვე 6 თვეა კონკურსის შედეგების გასაჩივრებითაა დაკავებული. დაუსრულებელი დავის გამო სოციალურად დაუცველებს კვლავ ძველი მენიუთი უწევთ კვება. 

 „ეს პრობლემა მხოლოდ ერთ ადამიანთანაა დაკავშირებული. ვინც არ უნდა იყოს ქალბატონი თინათინ პაპუაშვილი (კომპანია „ელფის“ ხელმძღვანელი — რედ. შენიშვნა), მის გამო რამდენიმე ათასი უფასო სასადილოს ბენეფიციარი ზარალდება. რატომ არ არის დაინტერესებული მერია და კონკრეტულად დავით ნარმანია? რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს შვიდი თვის მანძილზე გაუმჯობესებული მენიუ მიიღონ? ვინ აფარებს ხელს ამ ქალბატონს?— განაცხდა ხუთშაბათს 2 ივლისს  „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თბილისის სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ ნინო ჩხეიძემ. 

 დედაქალაქის რაიონის მცხოვრებნი თხოვენ თბილისის მერიას ყურადღება მიაქციონ მათ პრობლემებს, რადგან მათი თქმით, ეს სასადილოები მათი კვების ერთადერთი წყაროა. 

 „ერთი ადამიანის გამო რატომ ვერ უნდა მივიღოთ გაუმჯობესებული რაციონი? ერთადერთი საკითხი მაქვს ხელისუფლებასთან, ვისაც შეუძლია იქნებ გავლენა მოახდინოს ამ ადამიანზე და დაგვეხმაროს“ — აღნიშნა ჩხეიძემ.

 სოციალურად დაუცველმა პირებმა ამ პრობლემით რაიონის გამგეობასაც მიმართეს, თუმცა მათი თქმით ნაძალადევის რაიონში ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირებს მათი დახმარება არ შეუძლიათ. 

 „ჩვენ ვიყავით ნაძალადევის გამგეობაში, შევხვდით ხელმძღვანელებს, მაგრამ მათ გვითხრეს რომ ეს მათ ძალებს აღემატება და არაფრით შეუძლიათ ჩვენი დახმარება. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? ხომ შეიძლება დაუსრულებლად“, — დაასკვნა ბენეფიციარმა.

 გაუმჯობესებულ კვებაზე ტენდერის გამოცხადებამდე ნაძალადევის რაიონში უფასო სასადილოების მომსახურებით კომპანია „ილი გრუპი“ იყო დაკავებული. 

 „დღემდე სოციალურად დაუცველებს კომპანია „ილი გრუპი“ კვებავდა, რომელიც წლების მანძილზე აკეთებდა ამას.  კომპანია დღესაც ამითაა დაკავებული, მაგრამ არ შეუძლია მენიუს გაუმჯობესება, რადგან „ელფის“ წარმომადგენელი არ აძლევს მას ამის უფლებას იმის გამო, რომ ტენდერში წააგო“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ წარმომადგენელმა მადლენა ხუროშვილმა, რომელიც საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემებითაა დაკავებული. 

 ამ დროისათვის თბილისის ნაძალადევის რაიონში ცხრა სასადილო მუშაობს და თითოეულ მათგანში ყოველდღიურად 700 ადამიანი იღებს უფასო საკვებს. ერთი ადამიანის მომსახურება კომპანიას 1 ლარი და 10 თეთრი უჯდება (50 ცენტამდე). არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პრობლემის დარეგულირების მოთხოვნით, აპირებენ ნაძალადევის რაიონის დეპუტატს თამარ კორძაიას და რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ზაზა გაბუნიას მიმართონ. 


ყველა ახალი ამბავი
0