თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო რეზერვების პორტფელის მართვის სისტემასთან დაკავშირებით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მომხმარებელთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა საქართველოში გამართა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ფორუმი ევროზონის ფარგლებს გარეთ იმართება, — ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება.
ფორუმის მიზანია რეზერვების მართვის საერთო სისტემის მქონე წევრ ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობა. ფორუმი წელიწადში ორჯერ იმართება და მისი ძირითადი წევრები არიან ევრო სისტემის ცენტრალური ბანკები, ხოლო ამ პროცესში საქართველო, რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად დამკვირვებლის სტატუსითაა მოწვეული.
ფორუმს ესწრებოდნენ ვოლსტრიტის სისტემების (WSS) წარმომადგენლები, რომლებმაც უპასუხეს შეკითხვებს და ისაუბრეს იმ მოქმედების გეგმაზე, რომელიც საჭიროა პროდუქტის შემდგომი განვითარებისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების გამოცდილებაზე, განიხილეს არსებული პროდუქტის გაუმჯობესების მოთხოვნები.
ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მართვისთვის იყენებს იმავე სისტემას, რასაც ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროზონის ცენტრალური ქვეყნების უმრავლესობა.