თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში სენსაციურად მოუგო მსოფლიოს მე-16 ჩოგანს ესპანელ ფელიციანო ლოპესს 5 სეტში — 7:5, 3:6, 6:3; 2:6; 6:4. თამაში სამ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.
მატჩის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ესპანელმა საქართველოს პირველ ჩოგანს ყველა კომპონენტში აჯობა: ეისების რაოდენობა — 32-5; აქტიურად მოგებული ქულები 58-50; არაიძულებითი შეცდომები 43-44. და მხოლოდ მოგებული ბრეიკების რაოდენობაში — სრული თანასწორობა. თითოეულმა ჩოგბურთელმა 4-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის ჩაწოდება. ერთადერთი კომპონენტი რითაც ბასილაშვილმა აჯობა ლოპესს და რაც მისი გამარჯვების საწინდარი გახდა — პირველი ჩაწოდებიდან მოგებული ქულები. ბასილაშვილს 101 ქულა დაუგროვდა ესპანელის 86-ის წინააღმდეგ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის კარიერაში პირველად იღებს მონაწილეობას უიმბლდონის ტურნირში და ძირითად ბადეში 23 წლის ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ცხრილით გავიდა. მაშინ როდესაც ლოპესი სამჯერ იყო უიმბლდონის მეოთხედფინალის მონაწილე.
ბასილაშვილის შემდეგი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ესპანელი — რობერტო ბაუტისტა —არგუტი იქნება, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილი უჭირავს. მესამე წრისაკენ მიმავალ გზაზე, მან 5 სეტში მოუგო ესპანელ პერ ბენუას ანგარიშით 2:6; 4:6; 6:3; 6:3; 6:3.