საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოწერა
დავით კეზერაშვილი თამაზ ნიჟარაძისგან სხვადასხვა კომპანიებში საკუთარ წილზე უარის თქმას მოითხოვდა. ეს კომპანიები ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან იყო დაკავშირებული და ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგება მოჰქონდა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალად ედება ბიზნესმენების, მამა-შვილ თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების ძალადობრივი გზით წართმევა, იუწყება მთავარი პროკურატურა ხუთშაბათს, 2 ივლისს. საქმე 2010 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდს ეხება. 

გამოძიების მტკიცებით, კეზერაშვილი თამაზ ნიჟარაძისგან სხვადასხვა კომპანიებში საკუთარ წილზე უარის თქმას მოითხოვდა. ეს კომპანიები ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან იყო დაკავშირებული და ყოველწლიურად ათეულობით  მილიონი ლარის მოგება მოჰქონდა. კეზერაშვილმა 15–17 აგვისტოს ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის საცოვრებელ სახლსა და მის გარე პერიმეტრზე შსს-ს ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმი განათავსა, რომელიც ნიჟარაძეს თავისუფალ გადაადგილებას უზღუდავდა და იმავდროულად, ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ახდენდა. პროცესის დაჩქარების მიზნით, კეზერაშვილი პირადად შეხვდა ნიჟარაძეს და მუქარის ძალით რამდენიმე კომპანიაში საკუთარ წილზე უარის თქმა მოსთხოვა. 

”ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამდენიმე დღეში, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ში (100%),,,MISSION INVESTMENT LIMITED“-ში (60,18%), ხოლო მოგვიანებით შ.პ.ს,,მეტალექსში“ (52.5%) არსებული კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების,,DAVOR HOLDING LIMITED”-ის, “AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD”-ისა და,,STEINLORD ENTERPRISES LLP“-ის სასარგებლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“ 2002 წლიდან სს,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო,,MISSION INVESTMENT LIMITED“, რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და იღებდა შემოსავალს ამ უფლების გაცემისთვის.

გარდა ზემოთხსენებულისა, თამაზ ნიჟარაძე, 2010 წლის მდგომარეობით, 52,5%-იან წილს ფლობდა შ.პ.ს,,მეტალექსში“, რომელიც 2003 წლიდან 2028 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის N5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას.

დანაშაულებრივი კვალის შენიღბვის მიზნით,,,MISSION INVESTMENT LIMITED“-ის წილის გასხვისების  ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თითქოსდა თამაზ ნიჟარაძემ და ზურაბ ნიჟარაძემ წილების სანაცვლოდ მიიღეს 6 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 უძრავი ქონების პროექტი, „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ის წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა კონფიდენციალურად, ხოლო შ.პ.ს,,მეტალექსის“ წილის ღირებულებად განისაზღვრა 1050 ლარი. სინამდვილეში კი თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს დათმობილი წილების სანაცვლოდ არანაირი  სარგებელი არ მიუღიათ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის,,გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აღნიშნავს მთავარი პროკურატურა.


ყველა ახალი ამბავი
0