ქართულ-რუსული ფორუმის მონაწილეებმა პირველ სამუშაო დღე შეაფასეს

© photo: Sputnikთემურ ქობალია
თემურ ქობალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის ”ოსტანკინოს” ჟურნალისტებმა და სტუდენტებმა პირველი სამუშაო დღის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქართულ-რუსული ფორუმის ფარგლებში მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. ფორუმი ეკოლოგიური უფლებების დაცვაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლს ეძღვნება.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციების ქართულ-რუსული ფორუმის მონაწილეებმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრის, მედიის რეფორმებისა და სხვა თემების შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე იმსჯელეს, რომელიც ოთხშაბათს, 1 ივლისს გაიმართა.

მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის ”ოსტანკინოს” ჟურნალისტებმა და სტუდენტებმა პირველი სამუშაო დღის შესახებ ისაუბრეს, საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და არასამთავრობო ორგანიზაციების ქართულ-რუსული რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში მომავალ გეგმებზეც ისაუბრეს. ფორუმი ეკოლოგიური უფლებების დაცვაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლს ეძღვნება.

ფორუმის ორგანიზატორმა და თანამშრომლობის ქართული ფორუმის დირექტორმა თემურ ქობალიამ განაცხადა, რომ პროექტის მონაწილეები სამოქალაქო საზოგადოების პოზიციას წარმოადგენენ. მისი თქმით, ფორუმი ქართულ-რუსული დიალოგისთვის თავისებური მოედანია. 

ქობალიამ ასევე აღნიშნა, რომ წელს ფორუმის მიმართ დიდი ინტერესი გამოვლინდა: მარტო საქართველოში 274 განაცხადი შემოვიდა, მაგრამ საბოლოოდ აკრედიტაცია მხოლოდ 50-მა კანდიდატმა მიიღო. მთლიანად ფორუმში მონაწილეობას 120-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

”ორ რიცხვში მოქმედ პოლიტიკოსებთან გვექნება შეხვედრა. ესენი არიან ზურაბ აბაშიძე და პაატა ზაქარეიშვილი. ასევე შევხვდებით გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. ეს ფორუმი წელს ეკოლოგიური მიმართულებისაა. მივიღებთ რეზოლუციას, რაც ფრანგულ ენაზე პარიზში გაიგზავნება, სადაც კლიმატის დათბობის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება”, — განაცხადა თემურ ქობალიამ.

ასევე მან აღნიშნა, რომ ფორუმის მონაწილეებს დაგეგმილი აქვთ ვიზიტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სხვა კულტურული ღონისძიებები. ქობალიას თქმით, ყველა ჟურნალისტი იმედს გამოთქვამს, რომ ერთობლივ პროექტებს დაგეგმავენ, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და გაცვლიან კონტაქტებს.

ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის ”ოსტანკინოს” პიარ–სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა ირინა კოროლევამ ქართული მედიის დადებით მხარეებზე ისაუბრა, რომლის მუშაობის გაცნობაც რუსმა ჟურნალისტებმა ვიზიტის პირველივე დღეს შეძლეს.

”იქიდან, რაც გვიამბეს, დავასკვენით, რომ ქართული მედია მაქსიმალურად დამოუკიდებელია. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად სწორად ჟურნალისტები გამოხატავენ საზოგადოების თვალსაზრისს, ზეგავლენას ახდენენ მოქმედ მთავრობაზე, ადამიანებთან ერთად მოქმედებენ და დემოკრატიის პრინციპებს იცავენ, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალზე საინტერესოა”, — განაცხადა ირინა კოროლევამ.

ქართული მედიის მუშაობის სისტემის ძლიერი მხარეები აღნიშნა ასევე ინსტიტუტ ”ოსტანკინოს” სტუდენტმა პაველ სმირნოვმა.

”დღეს ნაყოფიერი დღე გვქონდა. გავეცანით ქართული მედიის სრულიად უნიკალურ სისტემას, გავიგეთ, როგორ მუშაობს ის. მუდმივად ვავლებთ პარალელებს რუსულ სისტემასთან და ვცდილობთ, როგორმე შევადაროთ, დავსვათ კითხვები. ჩვენთვის, როგორც მომავალი ჟურნალისტებისთვის, უცხოური პრაქტიკა ძალზე მნიშვნელოვანია რათა გავიგოთ, სინამდვილეში როგორ მუშაობს უცხოეთში მედია და ტელევიზიის სისტემის რა განსაკუთრებული თავისებურებები არის აქ”, — განაცხადა სმირნოვმა.  

”ოსტანკინოს” კურსდამთავრებულმა მარია პოლსკაიამ დამსწრეთ იმ თემების შესახებ მოუთხრო, რომლებსაც მიეძღვნება ქართულ-რუსული მესამე ფორუმის ფარგლებში რუსი ჟურნალისტების მიერ მომზადებული 15-წუთიანი სიუჟეტები. რეპორტაჟები ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის ”ოსტანკინოს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

”ჩვენ ხუთი გადამღები ჯგუფი გვყავს და სიუჟეტი ხუთი იქნება. ოთხი მათგანი საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას… ერთი თემა ეკოლოგიის საკითხს მიეძღვნება. მეორე გადამღები ჯგუფი მედიაზე იმუშავებს გასაგები მიზეზების გამო: ჟურნალისტებს უნდათ გაიგონ, როგორი ჟურნალისტიკაა სხვა ქვეყანაში. მესამე თემა — იუსტიციის სახლია, რადგანაც ჩვენთვის ეს აბსოლუტურად სხვა გამოცდილებაა. ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო მომსახურეობის სფეროში ასეთი გარდაქმნები უცნობია. და მეოთხე თემა — უშუალოდ ფორუმის მუშაობაა”, — განაცხადა მარია პოლსკაიამ.

ფორუმი თბილისში 3 ივლისს გაიმართება და კავკასიის ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნება: მთიანი ტერიტორიების ეკოლოგიური პრობლემები, მთიანი და მთისწინა ტერიტორიების გამოყენება, გლობალური კლიმატური ცვლილებები და მათი ზეგავლენა დიდი კავკასიის მთიან ტერიტორიებზე, მედიაში ეკოლოგიური თემატიკის გაშუქების საკითხები და ამ სფეროში ქართულ-რუსული ერთობლივი პროექტები.

 


ყველა ახალი ამბავი
0